menu
follow Anita:

25 January 2018

New York Times: მიმოხილვა - მოულოდნელი ვარსკვლავი მეტროპოლიტენის ოპერის “ტრუბადურს” ისაკუთრებს

“საშინელი მოგონება მაწამებს,“ - ამოთქვამს შურისძიებას მოწყურებული აზუჩენა ვერდის ოპერა „ტრუბადურში“ -  „სისხლს მიყინავს“.

მაგრამ  გულწრფელები ვიყოთ, ოპერის მოყვარულებო. რამდენჯერ დაურწმუნებიხართ რეალურად აზუჩენას, რომ სიმართლეს ამბობს ამ დროს? ზუსტად ვიცი, კიდევ უფრო ნაკლებ შემთხვევას გაიხსენებთ, როცა თქვენთვისაც სისხლი გაუყინავს.

 

Anita Rachvelishvili as Azucena in “Il Trovatore” at the Metropolitan Opera, with Quinn Kelsey (Count di Luna) holding the rope. Credit Karen Almond/Metropolitan Opera

 

აი სისხლი ნამდვილად იყინება ვენებში, როცა უყურებ და უსმენ ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს - იგი მთელ შოუს ისაკუთრებს აზუჩენას როლის შესრულებისას „ტრუბადურში“, რომლის პრემიერაც ორშაბათს შედგა მეტროპოლიტენის ოპერაში და გაგრძელდება 15 თებერვლამდე.

აქამდე, მეტროპოლიტენის ოპერაში, ჯერ მხოლოდ 33 წლის ქალბატონი რაჭველიშვილი ყოფილა გაბედულად პირქუში კარმენი,  ასევე, ჰქონია მნიშვნელოვანი, სენსუალური გარდაქმნა 2014 წელს ბოროდინის ოპერაში „პრინცი იგორი“. მაგრამ აზუჩენა მისი ნამდვილი გამოვლინებაა. იგი შეშინებულ და შემაშინებელ, საკუთარი მოგონებებით გაგიჟებულ ბოშას, რომლის როლის შემსულებლებიც ხშირად დანარჩენი მთავარი როლების შემსრულებლების შემდეგ არიან ხოლმე მოხსენიებულები აფიშებზე, გარდაქმნის ყურადღების ცენტრში მყოფ, ემოციურად არასტაბილურ მთავარ, ცენტრალურ ფიგურად.

ბოლო წლებში აზუჩენას როლს მეტროპოლიტენის ოპერაში ხშირად ასრულებდა დოლორა ზაჟიკი, დაუღალავი, ჩაუნაცვლებელი, მეტროპოლიტენის ოპერასთან ასოცირებელი მომღერალი, რომლის აზუჩენაც დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა, როგორც მუსიკალურად, ისე დრამატულად (ამ სეზონზე „ტრუბადურის“  მხოლოდ ერთ წარმოდგენაში მონაწილეობს, 6 თებერვალს). რაჭველიშვილი კი უკან აბრუნებს აზუჩენას როლის ნიუანსებს, ფერთა პალიტრას, ემოციურ გრადიაციებს.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი პატივივისცემით ეპყრობა  ბელკანტოს ტრადიციას, რომლისგანაც ეს ოპერა წარმოიშვა. მისი აზუჩენა მაღალი ნოტების აღზევების, მოფარფატე ვიბრაციების, მიმზიდველი ლეგატოსა და მშვიდი დაბალი ტონების ერთობლივი ქმნილებაა.

პერსონაჟის სისასტიკის, სიუხეშის გადმოცემასთან ერთად, რაჭველიშვილი ხშირად დელიკატური და მგრძნობიარეა ვერდის გულუხვად გრძელი ფრაზების მიმართ. მისი სიტყვები იკბინებიან. ხანდახან წარმოუდგენლად არაამქვეყნიურია. ხანდახან კი, ამქვეყნიური კი არა, მეტიც - ელემენტარული. გასაოცარია, რომ აზუჩენას დაუსრულებელი სასოწარკვეთის მიუხედავად, მაინც ელეგანტურია.   

იგი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა დევიდ მაკვიკარის „ტრუბადურის“ განახლებული, ეფექტური, 2009 წლის დადგმის (ეს მაკვიკარის მეოთხე დაადგმაა მეტროპოლიტენ ოპერაში ამ სეზონზე და მესამე ამ თვეში. ეჭვგარეშეა, მეტროპოლიტენის აუდიტორია მოხარული იქნებოდა ეხილა უფრო მრავალფეროვანი ხედვით დადგმული წარმოდგენები, ვიდრე მისი ვარსკვლავური ეპოქის შესაფერისად კოსტუმირებული ნატურალიზმი).

რაჭველიშვილის გარდა, „ტრუბადურის“ ამ დადგმიდან გამოირჩევა  მარკო არმილიატო, რომლის დირიჟორობითაც ორკესტრი ბრწყინვალედ უკრავს. ასევე, ბარიტონი კვინ კელსეი, რომელიც ასრულებს არისტოკრატიული, მაგრამ სასტიკი გრაფი დი ლუნას როლს, გამორჩეული ტონით  - მდიდარი და თან მძიმე, მეტიც, ოდნავ, ამაღელვებლად დაცლილი, თითქოს მას ყოველთვის ცარიელ, ექოიან ეკლესიაში უსმენ.

ტენორი იონგჰუნ ლი (ასრულებს მანრიკოს როლს, რომელიც დი ლუნას მტერი და აზუჩენას ვაჟიშვილია) სრული სიმძაფრით მღერის, მხოლოდ მაშინ ხდება მისი ხმა მსუბუქი, როცა თავად ცდილობს შერბილებას. სოპრანო ჯენიფერ როულეიმ ორი კვირაა, რაც სრულად გადმოიბარა როლი კოლეგისგან, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც წარჩინებული ქალი ლეონორა, რომლისთვისაც მანრიკო იბრძვის, მისი შესრულება  დაბალანსებულია, სუფთა და ნათელი ტონი აქვს. სასიამოვნოა, განსაკუთრებით ოპერის ბოლო წუთებში, თუმცა მაყურებლის აღტაცებას მაინც ვერასდროს იწვევს.

„ჩემი შეშინებული გული ძლივსღა ძგერს“ - ამბობს იგი ბოლო აქტში.  მის როულეის ისმენ, თუმცა ბოლომდე არ გწამს იმის, რასაც მღერის. რაჭველიშვილის შემთხვევაში კი...ყოველთვის გჯერა.

 

წყარო: https://www.nytimes.com/2018/01/23/arts/music/review-verdi-trovatore-met-opera.html