menu
follow Anita:

04 September 2019

ანიტა რაჭველიშვილი! პლანეტის საუკეთესო მეცოსოპრანო - HELLO MAGAZINE

უამრავ ქვეყანაში, ოპერასა და ფილარმონიაში გიმღერიათ. შეგიძლიათ შეადაროთ აუდიტორიები ერთმანეთს? განსხვავდებიან მსმენელები ერთმანეთისგან ემოციისა და კრიტიკის გამოხატვის მხრივ?

ა.რ. რა თქმა უნდა, თეატრებისა და ქვეყნის შედარება შესაძლებელია. ყველას სხვადასხვანაირი აღქმა და სიყვარული აქვს კლასიკური მუსიკისადმი და უფრო კონკრეტულად ოპერისადმი. ყველაზე მეტად გვიყვარს მაყურებელი, რომელიც შესაძლოა კარგად არ იცნობდეს ოპერას, მაგრამ ვარდებოდეს გარკვეულ ექსტაზში იმისგან, რასაც ხედავს და ესმის. ძირითადად, ასეთები სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა სტუდენტები არიან. ასეთი სპექტაკლები ყოველთვის  ბევრი ემოციითაა სავსე, იმიტომ, რომ ისეთი ენერგია მოდის დარბაზიდან, თითქოს მოედანზე ხარ და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე უყურებ საფეხბურთო მატჩს. შესაბამისად, ჩემი ყველაზე საყვარელი მსმენელი არის ახალგაზრდობა, რომელმაც შესაძლოა ბევრი არ იცოდეს ოპერის შესახებ, მაგრამ ენთუზიაზმით აღსავსე იყოს.

 

 

ძალიან საინტერესოა, რა სახის შეზღუდვები აქვთ ოპერის მომღერლებს საკვებთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. ასევე, გამოსვლის წინ რა სამზადისს გადიხართ?

ა.რ. კვებითი შეზღუდვები ძირითადად ეხება ისეთ საკვებს, რომელიც იწვევს მჟავიანობის მომატებას, რაც საკმაოდ საშიშია კუჭისთვის და სახმო იოგებისთვის, რადგან ეს მჟავა წვავს სახმო იოგებს და  სიმღერაზეც შესაბამისად აისახება. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები მსგავს საკვებს. წარმოდგენის დღეს, გამოსვლამდე 4 ან 5 საათით ადრე მივირთმევ ჩემ მიერ მომზადებულ პასტას სცენისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო და განსაკუთრებით წარმოდგენის დღეები.

როგორია თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობა და როგორ იღებენ თეატრებში მას?

ა.რ. თვითმფრინავით მოგზაურობა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. ევროპასა და ამერიკაშიც ბევრი პრობლემა გვექმნება გარკვეულ ადგილებში შესვლასთან დაკავშირებით. გავაკეთეთ საბუთი, რის მიხედვითაც იგი არის ჩემი „ემოციური მხარდაჭერის ცხოველი“. მიუხედავად სირთულისა, ამერიკაში, ამ საბუთის დახმარებით, ყველგან გვიშვებენ. ევროპაში ნაკლებად აინტერესებთ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც პრობლემას არ ვაწყდებით და ყველგან შევდივართ, არის იტალია. ფრანგებს საკმაოდ ანტიპათიური განწყობა აქვთ ოთხფეხა მეგობრებისადმი, ამიტომ იქ ძალიან რთულია. ხანდახან მაინც ვახერხებთ რესტორნებში შესვლას, მაგრამ ტაქსის გაჩერება წარმოუდგენელია.

თქვენი მეუღლე − ოთო, თითქმის ყველგან გახლავთ. მასზეც მოგვიყევით.

ა.რ. პირველი სიტყვა, რაც მასთან დაკავშირებით თავში მომდის, არის იმედი, შემდეგ გაუტეხელობა და პრინციპულობა. არა მხოლოდ მე, არამედ მის გარშემო ყველას აძლევს იმედს, რომელიც არაა ფუჭი და გიბიძგებს ბრძოლისაკენ. უზომოდ ერთგულია და როგორც ვთქვი, უპირველესად იმედია ჩემთვის. ძალიან გამიმართლა ოთო ჩემ გვერდით რომაა, სხვა შემთხვევაში გამიჭირდებოდა. ძალიან რთულია იყო ძლიერი ქალი და იპოვო პარტნიორი, რომელიც ამ საშინელ პირობებს, საშინელ სტრესულ გადაადგილებას და უძილობას გაუძლებს. ძნელია მოკიდო ხელი ადამიანს, მოწყვიტო ოჯახსა და მეგობრებს. ერთი მხრივ ზღაპარივით ცხოვრებაა, იმიტომ, რომ ვმოგზაურობთ და ვნახულობ ლამაზ ადგილებს, მაგრამ ჩვენი პროფესია ნამდვილად არაა მხოლოდ ეს. ძალიან ბევრი რამაა, რაც სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვნატრულობთ ისეთ რუტინულ რაღაცებს, რაც ხალხს მობეზრებული აქვს. ვოცნებობთ, ერთსა და იმავე ლოგინში ავდგეთ გადაბმულად ერთი კვირით მაინც. მაგრამ სიყვარული ამ პროფესიისადმი დიდია და გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და ამაში გადაგვიხადონ კიდეც.

„ვერდის საუკეთესო მეცოსოპრანო“ − ასე შეგაფასათ დიდმა მაესტრომ, რიკარდო მუტიმ. ბევრ მომღერალს არ აქვს პატივი ასეთი მუსიკოსისგან მსგავსი შეფასება დაიმსახუროს. რისი შედეგია ეს?

ა.რ. ალბათ ერთობლივად ბევრი რამის დამსახურებაა. შრომის, რა თქმა უნდა, რომელიც გაღებულია ამ ყველაფრისთვის. იღბალიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, გარშემომყოფები, რომლებიც გვერდით მიდგანან. არ მომერიდება და ვიტყვი − ოთოს ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბოლო წლის განმავლობაში ჩემი კარიერა განუწყვეტლივ ზემოთ მიიწევდა და არასოდეს ერთ დონეზე არ გავჩერებულვარ, იმიტომ, რომ ის უზომოდ მომთხოვნია. თავად მუსიკოსია და ძალიან მეხმარება, რომ მყავს ე.წ. „ჯანმრთელი ყური“, რომელსაც ესმის ობიექტურად და ყოველთვის ძალიან კრიტიკული მიდგომა აქვს. შესაძლოა დარბაზში გყავდეს „ყური“, რომელსაც ენდობი, მაგრამ მას არ ჰქონდეს კრიტიკული მიდგომა. შესაბამისად, მოღერალი ჩერდება ერთ ადგილას და ამთავრებს განვითარებას. გამიმართლა, რომ ოთო მაქსიმალისტია და არასოდესაა კმაყოფილი, ყოველთვის ბევრს ითხოვს ჩემგან, უნდა მეტი და უკეთესი გაკეთდეს.  ალბათ ეს წოდებაც, რომელიც მუტიმ მომაწოდა, ამ ერთობლივი შრომის დამსახურებაა. მანამდე ძალიან კარგად ვითარდებოდა კარიერა, თუმცა ძალიან ნელი ტემპით მივდიოდი ზემოთ და მერე უცებ საოცრად დაჩქარდა ყველაფერი, ელემენტარული პრაქტიკული მიზეზის გამო  მქონდა „ყური“, რომელიც იჯდა დარბაზში და მეუბნებოდა, რა ვარგოდა და რა არა. საკუთარი, შიდა ყურით მომღერალს სხვანაირად ესმის, ხოლო გარე ყური სულ სხვა რამაა, და ძალიან მნიშნელოვანია გყავდეს ადამიანი, რომელსაც ენდობი და გეუბნება ობიექტურად, სადაა პრობლემა და სადაა მეტი სამუშაო.

თქვენმა პირველმა ალბომმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა მუსიკის კრიტიკოსებისგან. ახალ ალბომზე ხომ არ დაგიწყიათ მუშაობა?

ა.რ. მეორე დისკის ჩაწერა გვაქვს გეგმაში. თარიღი ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ, დატვირთული გრაფიკის გამო. ეს დისკიც აუცილებლად იქნება კლასიკური მუსიკის. იყო საუბარი, ჩაგვეწერა Cross Over ან ჯაზი, მაგრამ Sony Classical-თან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მეორე დისკი ყოფილიყო არა ჯაზი, არამედ კლასიკა. ეს იქნება კლასიკური რეპერტუარი ფორტეპიანოს თანხლებით, ან მეცოსოპრანოს ის დარჩენილი დიდი არიები ორკესტრთან ერთად, რომლებიც პირველ ალბომში არ შესულა. 

მონაკოს პრინცთან შეხვედრას როგორ გაიხსენებდით?

 

 

ა.რ. მონაკოს პრინცთან შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაოცებული დავრჩი ამ ადამიანის უბრალოებით. სამეფო ოჯახისთვის უჩვეულო უბრალოებით გამოირჩებოდა. ძალიან უშუალო ადამიანები იყვნენ მისი დაც, შვილიც და მეუღლეც. ამასთანავე, საოცრად საინტერესო პიროვნებები არიან. სპექტაკლის შემდეგ 30 წუთი ვსაუბრობდით ოპერაზე, მივიღეთ დიდი ქათინაურები შემსრულებლებმა. მონაკოს პრინცი უზომოდ საინტერესო ადამიანია, ძალიან კარგად ესმის ოპერა და ეს არაა მოჩვენებითი, რაც ხშირად ხდება ამ ტიპის საზოგადოებაში. ეს იყო ნამდვილად ინტერესი ამ მუსიკისადმი, რამაც გამაბედნიერა. იგი მხარს უჭერს მონტეკარლოს ოპერასა და სხვადასხვა შეწირულობას ახორციელებს კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა დასახმარებლად. საკმაოდ შთაბეჭდავი შეხვედრა იყო მასთან და მის ოჯახთან.

ოპერის  გარშემო მუდმივად იყო სკანდალები. შეგვიძლია გავიხსენოთ კალასის, ტებალდის, კოსოტოსა და კიდევ ბევრი სხვა მომღერლის სკანდალებითა და დაპირისპირებებით სავსე ბიოგრაფია. ცხადია, პერსონიფიცირების გარეშე, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა ხდება ფარდის მიღმა?

ა.რ. მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემს კოლეგა სოპრანოს, იმის გამო, რომ მე მეტი აპლოდისმენტი შემხვდა, შეუწყვიტავს ჩემთან ლაპარაკი, არანაირ ურთიერთობაში აღარ შემოსულა, აღარ უპასუხია არც გამარჯობაზე, არც მილოცვაზე. ბევრი ასეთი სასაცილო და ჩემთვის გაუგებარი შემთხვევა მახსენდება. მათ შორის, არაკონკურენტ მამაკაც მომღერლებთანაც ყოფილა იგივე სიტუაცია. გული მწყდება, როდესაც კარგი ურთიერთობა მაქვს კოლეგასთან და უცბად ბოროტი განწყობა ექმნება ჩემ მიმართ, იგნორირებას მიკეთებს და გულისტკივილით მელაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტებისა და რეცენზიების გამო. მქონდა შემთხვევა ერთ კოლეგასთან, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან პირდაპირი გოგოა. ერთად გვქონდა სპექტაკლი და იგივე დადგმა რამდენიმე წლის შემდეგ მიდიოდა სხვა თეატრში. მოვიდა და პირდაპირ მითხრა, უბედნიერესი ვარ, რომ იქ არ იქნებიო. მე სულ ბოლო გამოვდივარ სცენაზე და შენ უფრო მეტი აპლოდისმენტი გაქვს, შენს შემდეგ გამოსვლა არ მინდაო. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სწორედ ამ პირდაპირობის გამო. ბევრია ასეთი შემთხვევა და ყველას რომ მიაქციო ყურადღება, შეიძლება გაგიჟდე. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ.

 

 

 

რა მოხდა 2009 წლის 9 დეკემბერს?

ა.რ. გადაბრუნდა ყველაფერი და შეიცვალა მთელი ცხოვრება, დაიწყო სულ სხვა ეტაპი. აღარ ვიყავი ღარიბი ოჯახის შვილი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ წავიდოდი საქართველოდან. ეს არც ოცნებად და არც გეგმად არ მქონია. ეს იყო ჩემი პედაგოგის  მანანა ეგაძის დაჟინება, რომ აუცილებლად წავსულიყავი. ჩემს მშობლებს უთხრა, რადაც უნდა დაგიჯდეთ, ანიტას აქ დარჩენა არ შეიძლებაო. ჩემი მშობლები ენდნენ მას, გაყიდეს ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა და გამიშვეს. იმ დღეს იმ სცენაზე შეიცვალა ყველაფერი არა მხოლოდ ჩემთვის არტისტული თვალსაზრისით, არამედ ჩემი მშობლებისთვისაც; ჩემი დისთვისაც, რომელიც დარბაზში იჯდა. უცბად მიხვდნენ, რომ ის გაჭირვება და ცუდი ცხოვრება უკან მოიტოვეს და რაჭველიშვილების საგვარეულოდან, როგორც იქნა, ვიღაცამ ასახელა გვარი.

 

 

თან როგორი რთულად გამოსათქმელი გვარი…

ა.რ. ნამდვილად, აკადემიამ მაშინვე შემიცვალა გვარი, რაველი დამაწერეს  რამხელა გვარი გაქვს, ვერ გამოვთქვამთო. მე, როგორც სტუდენტმა, ვერ გავაპროტესტე ეს ამბავი, ძალიან მტკიოდა გული, რომ ვერ ვცვლიდი. მახსოვს, მაესტრო და-ნიელ ბარენბოიმს გაუკვირდა და არ ესიამოვნა გვარის შეცვლის ფაქტი. შენ რაჭველიშვილი ხარ და არა რაველიო. ჩემი გვარის გამოთქმაც უჭირ-დათ, მაგრამ თუ ხალხს ეყვარები და შენი შრომით დაამახსოვრებ თავს, შენს გვარსაც დაიმახსოვ-რებენო. მშვენიერი გვარი გაქვს, ან მამაშენს რა უნდა უთხრა, რატომ შევიცვალე გვარიო. მაესტრომ პირველივე შესაძლებლობაზე დამიბრუნა ჩემი გრძელი გვარი. ძალიან ვამაყობდი, იმიტომ, რომ მამაჩემი ჩამოვიდა მაშინ მილანში დავით საყვარელიძისა და მიხეილ სააკაშვილის დახმარებით. ჩამოიყვანეს პრემიერის წინა დღეს. ეს იყო ძალიან ბედნიერი მომენტი − ვიდექი სცენაზე და ვხედავდი მათ მესამე რიგში. მესამე აქტამდე ვერ დავინახე, კიდევ კარგი. მესამე აქტში გამოვედი და დავინახე დედაჩემის ცრემლები… ამას არ გავუოცებივარ, რადგან დედა ძალიან ემოციურია. სამა-გიეროდ გამაოცა მამაჩემმა, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა. ჩემს თავს ვუთხარი, აღარ შე-მეხედა, თორემ ვეღარ გავაგრძელებდი სიმღერას. კონკიას ზღაპარს ჰგავდა ეს ისტორია და მართლაც, მილანის ყველა გაზეთში, მეორე დღეს მეძახდნენ ქართველ კონკიას. ჩემმა ამბავმა ძალიან დააინტერესა ყველა ჟურნალისტი. სიღარიბეზე ვილაპარაკე ძალიან ბევრი, უშუქობაზე, უჭმელობაზე და ყველა ძალიან დიდი ინტერესით საუბრობდა ამაზე 2009-ში.

დირიჟორი ლორენცო ვიოტი

 

რას ეტყოდით საკუთარ თავს 15 წლის წინ და მათ, ვინც ახლა იწყებენ რთულ ცხოვრებას?

ა.რ. აუცილებლად უნდა გააანალიზო, რა შეგიძლია და რა არა. ობიექტურად უნდა აფასებდე საკუთარ თავს. თუ ოცნება გაქვს, რომელიც გინდა აგიხდეს, ამისთვის უნდა იბრძოლო და ბევრი იშრომო, რადგან ეს ის დრო აღარაა, როდესაც ვიჩაგრებოდით და ვიკარგებოდით. ახლა არის საშუალება, რომ წარმატებას მივაღწიოთ. შრომისმოყვარეობა გვაკლია და გვეზარება, სხვა რაღაცებით ვიტვირთებით. ვეტყოდი, რომ არ დაიზარონ და ნუ დაკარგავენ რწმენას. ყველანი ძლიერები და ლამაზები ვართ შინაგანად და უნდა ახსოვდეს ყველას, რომ ეს სილამაზე არსად ქრება და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები.

ანიტა და ოთო სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოპერა ბასტილიაში ფრენკისთან ერთად

ტექსტი: თორნიკე ნოზაძე

ფოტო: დათუნა აგასსი

სტილი: დავით ყურაშვილი

ვარცხნილობაალექს ალექსანიან

მაკიაჟი: ნინა ტაბატაძე

სამკაული: Chronograph

ლოკაციაl’Opéra Bastille, პარიზი

Sheraton Grand Tbilisi Metekhi palace, თბილისი

 

მადლობა ანიტას დახმარებისა და შუამდგოლობისთვის ოპერის ადმინისტრაციასთან, რის შედეგადაც შედგა ეს პროექტი!